"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზადაა 315 ათასი ლარი შემომწირველებს უკან დაუბრუნოს. როგორც დღეს პარტიის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, აუდიტის სამსახურის მითითებისამებრ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება 315 ათასი ლარი უკან დაუბრუნოს შემომწირველებს.
"ნაციონალური მოძრაობა თვლის, რომ კანონის წინაშე ყველა პარტია თანასწორია. სახელმწიფო აუდიტის მითითებისთანავე პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება 315 ათასი ლარი უკან დაუბრუნოს შემომწირველებს. მომავალში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იხელმძღვანელებს ამ გამოცდილებით და ეს გახდება შემდგომში ჩვენთვის პრაქტიკის დახვეწის საფუძველი. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას და აუდიტის სამსახურს წარუდგენთ სრულ ინფორმაციას ჩვენი შემომწირველების შესახებ. სწორედ ამიტომაც დღეიდან მზად ვართ ჩვენს საიტზე განვათავსოთ დეტალური ინფორმაცია იმ შემოწირულობების შესახებ, რომელიც საარჩევნო კამპანიის პერიოდში იქნა განხორციელებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ფონდის ანგარიშზე", - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აუდიტის სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უკანონო შემომწირველების მიმართ 1.575.000 ლარის ოდენობით სანქციის გამოყენების თაობაზე
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების წარმომავლობის კანონიერება შეისწავლა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პოლიტიკური სუბიექტისათვის სოლიდური თანხების შემომწირველი ხუთი პირის შემოსავლები შეუსაბამოა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან.
ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხუთი შემომწირველი პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, მათ მიერ პოლიტიკური გაერთიანებისთვის შეწირული თანხები ჩაითვალა უკანონო შემოწირულობად და სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის (1.575.000 ლარის) ფარგლებში ყადაღა დაედო მათ ქონებას.
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განსახილველად ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა.
2. პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის" შეწირული თანხების კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთი პირის შემოწირულების შემთხვევაში გამოიკვეთა მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადების ნიშნები. საკითხის ამომწურავად შესწავლის და შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს წინადადებით მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უკანონოდ მიჩნეული თანხები დაუბრუნოს შემოწირულების განმხორციელებელ პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, აღნიშნული თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და პოლიტიკური სუბიექტი დაჯარიმდება თანხის ხუთმაგი ოდენობით.