სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში შეკრებილ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და განსაცდელში გამძლეობისკენ მოუწოდა.
როგორც პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ამიტომაც არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის.
"არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რომ საქართველო განადგურდეს. მრავალი ერი და ქვეყანა ყოფილა ჩვენზე ძლიერი, მაგრამ დღეს არ სჩანს მათი კვალიც. დრომ აღგავა პირისაგან მიწისა. მაგრამ როცა ადამიანს, ან ერს ეძლევა დიდი მადლი, უნდა ვიცოდეთ, გვახსოვდეს, რომ ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს. ადამიანი მუდამ კი არ უნდა სთხოვდეს უფალს, ღვთისმშობელს და წმინდანებს, არამედ უნდა მადლობდეს იმ დიდი წყალობისთვის, რომელსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გვიგზავნის", - ბრძანა უწმინდესმა.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთიმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
მასალის გამოყენების პირობები