საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ანტონის სამარსმა გადაწყვიტა, სამი სამთავრობო თვითმფრინავიდან ორი დათმოს. პრემიერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ერთი 13 ადგილიანი რეაქტიული თვითმფრინავი გაიყიდება, მეორე კი ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალებს გადაეცემა.
როგორც ცნობილია, საბერძნეთის მთავრობამ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის უნდა შეიმუშავოს გეგმა 2012-2014 წლების საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის და ხარჯების შესამცირებლად.
მიმდინარე თვის დასაწყისში პრემიერმა თავისი უსაფრთხოების სამსახური 25 პოლიციელით შეამცირა და ისინი ათების ქუჩების პატრულირების სამსახურში გადაიყვანა.
სულ სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირების დაცვას 1500 პოლიციელი ჩამოაშორეს და ისინი სხვა სამსახურებში გადაიყვანეს.
უნდა აღინიშნოს რომ ევროკავშირი საბერძნეთისგან ასევე მოითხოვს სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და სხვა ჩინოვნიკებისთვის სპეციალური ანაზღაურების გაუქმებას, რაც ჯამში საკმაოდ სოლიდური თანხაა.