თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის ტყიდან, რომელიც დაღესტანს ესაზღვრება, 5 ახალგაზრდა დაიკარგა. მოსახლეობა და პოლიცია 25 წლამდე მამაკაცებს, ლერი ხუცურაულს, ლევან გარაშვილს, ბესიკ მიჯახკაშვილს, ტატო ღაღოლიშვილს და თამაზ გამიერაშვილს მესამე დღეა ეძებს.
ლაფანყურის მაცხოვრებლების განცხადებით, ახალგაზრდები საქეიფოდ სოფლიდან დაახლოებით 4 კილომეტრში, ტყეში წავიდნენ. ახალგაზრდების კვალი 26 აგვისტოდან, დღის 4 საათიდან იკარგება.
ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ახალგაზრდები ლეკებმა გაიტაცეს. მათი თქმით, წინა დღეებში ტყესთან ახლოს 4 ფორმიანი, უცხო ადამიანი დაინახეს, რომლებიც მანქანის გამოჩენისთანავე მიიმალნენ.
„2 ახალგაზრდა ჩემი მარშუტკით ტყიდან სოფელში სიგარეტის საყიდლად წამოვიდა. მე ადგილზე დავრჩი, რომ დაიგვიანეს სოფელში ფეხით ჩავედი, მანქანა მიტოვებული იყო და შიგ მხოლოდ მათი პირადი ნივთები ელაგა. ისევ უკან ავბრუნდი და ის დანარჩენი 3 ბიჭიც ადგილზე აღარ დამხვდა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მიკროავტობუსის მძღოლმა გიორგი ურმანაულმა.
სასაზღვრო პოლიიაში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.