კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას სვანებს მიმართა და აღნიშნა, რომ სვანეთი მისახედია, ისე როგორც ყველა მაღალმთიანი რეგიონი.
"რა უნდა გითხრათ სვანებო, სვანეთზე. მთელს ქვეყანას ზემოდან დაჰყურებთ მედიდურად. მკაცრები და სამართლიანები ხართ. ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო, რომ სვანებს ასი ათასი მეომრის გამოყვანა შეეძელოთო. ეს იმ დროს წარმოუდგენლად დიდი ჯარი იყო. აი რა შორიდან მოდიხართ, რა დიდია თქვენი ისტორია, რომელიც ქართული ისტორიის არა მარტო განუყოფელი ნაწილია, არამედ ერთ-ერთი უღრმესი ფესვია. მისახედია ახლა სვანეთი, ისევე როგორც ყველა მაღალმთიანი რეგიონი. ჩვენ ავამოქმედებთ მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონს", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს კანონი ხელს შეუწყობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას.
მისივე თქმით, სპეციალური კანონი ამოქმედდება და სპეციალური გადასახადაო რეჟიმი დაწესდება ინვესტორების წასახალისებლად, რაც მაღალმთიანი რეგიონის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.