„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა მაგდა ანიკაშვილმა აეროპორტის დასახლებაში მცხოვრები გულნარა მიქავას მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა.
სოციალურად დაუცველი ხუთშვილიანი ოჯახი უკვე ათი წელია საქ-ავიამშენის ავტოფარეხში ცხოვრობს და სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართის დაკანონებას მოითხოვს. ოჯახის წევრების განცხადებით, მათთვის განსაკუთრებით ძნელია კომუნალური გადასახადების გადახდა.
მაგდა ანიკაშვილი მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ დროულად აღმოუჩინოს დახმარება ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს და გამოუყოს საცხოვრებელი ფართი.
„მრავალშვილიანი ოჯახების მთავარ პრობლემას საცხოვრებელი სახლების უქონლობა წარმოადგენს. სახელმწიფოს პრიორიტეტი კი სწორედ ასეთი ოჯახების უზრუნველყოფა უნდა იყოს საცხოვრებელი პირობებით. „ქრისტიან-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში ყველა მრავალშვილიანი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი სახლით, ყველა მცირეწლოვანი ბავშვი იქნება დაზღვეული და წიგნებით უზრუნველყოფილი."- განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა