ცესკო „ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საუბარია 16 აგვისტოს მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, კახეთში სოფელ ჩალაუბანში, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტების სამუშაო ოთახებში, კედლებზე განთავსებული „ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებით.
17 აგვისტოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცესკოს ინფორმაცია რეაგირებისთვის მიაწოდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად შეისწავლა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს ჩალაუბნის რწმუნებულთან დაკავშირებული კანონდარღვევის ფაქტი; შესაბამისად, გურჯაანის თავმდჯომარის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა და მასალები გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი სოფელ ჩალაუბნის რწმუნებული 1000 ლარით დაჯარიმდა.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ ცესკოს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქ. რუსთავის მერიის სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაო ოთახში განთავსებული ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების ფაქტის შესახებ. რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, კანონის თანახმად ოქმი გადაგზავნილია რუსთავის საქალაქო სასამართლოში.