დღეს, 25 აგვისტოს, მართლმადიდებლური ეკლესია 7 გარეჯელი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ღირსი გარეჯელი მოწამენი - გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმეონი და ოთარი (1851). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანები არიან და მათი ხსენების დღედ 12 (25) აგვისტოა დაწესებული.
ღირსი გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმონი და ოთარი დავით გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდნენ. დავით გარეჯის უდაბნო XVIII-XIX საუკუნეებში ლეკთა მუდმივი შემოსევებისა და რბევის საგნად იქცა. მოთარეშეები ანადგურებდნენ ეკლესია-მონასტრებს, ბერების სენაკებს, იტაცებდნენ ღვთისმსახურებისთვის საჭირო ძვირფას ნივთებს, აწამებდნენ და ხოცავდნენ იქ მოღვაწე მამებს.
1851 წლის ზაფხულში გარეჯის უდაბნოს თავს დაესხა ლეკების დიდი რაზმი. მათ დაარბიეს დავითის ლავრა. შვიდი მოწამე მათი ხელით აღესრულა. ამის შესახებ პლატონ იოსელიანისადმი მიწერილ წერილში წერს ბერმონაზონი ისააკი, რომელიც დაღესტანში წაუყვანიათ ტყვედ და შემდეგ გამოუხსნია რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პავლეს ძეს.