კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს სიღნაღის რაიონში იყრის. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ნაციონალურ მოძრაობაში" დაუდასტურეს.
ლევან ბეჟაშვილი წარმოშობით სიღნაღიდან არის. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის თებერვალში ის კახეთის გუბერნატორად დანიშნა. ამ თანამდებობაზე ბეჟაშვილი ივლისამდე მუშაობდა, რის შემდეგაც კონტროლის პალატის თავმჯდომარედ გადაიყვანეს. 2008 წლის თებერვლამდე ლევან ბეჟაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე; 2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ; 1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი; განყოფილების უფროსი; დეპარტამენტის უფროსი; 1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატში უფროს სპეციალისტად; წამყვან სპეციალისტად; 1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოში გამომძიებლის თანაშემწედ.