სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით 24-25 აგვისტოს ქალაქ ანაკლიაში ფესტივალ Back To Anaklia გაიმართება. ფესტივალი, რომელიც მშვიდობის თემას ეძღვნება განახლებული ანაკლიის გახსნიდან ზუსტად ერთი წლის თავზე იმართება. ფესტივალის ფარგლებში ანაკლიაში ალტერნატიული მუსიკის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.
ალტერნატიული მუსიკის ბენდებთან ერთად პროექტში მონაწილეობას მუსიკოსი დავით ევგენიძე, სოფო ხალვაშის ბენდი და ქართველი დიჯეები მიიღებენ. ფესტივალის Back To Anaklia სპეციალური სტუმარია ბერლინელი დიჯეი DJ Re.You. დასკვნით კონცერტებამდე, 17 საათიდან კი, ფესტივალის ორივე დღეს ანაკლიის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სახალხო სეირნობა მოეწყობა. მოსახლეობას საშუალება ექნება სხვადასხვა სახის წარმოდგენებში მიიღოს მონაწილოება. ორი დღის განმავლობაში გამართული ოცამდე ღონისძიება თეატრალურ წარმოდგენებს, სპორტულ აქტივობებს, ფოტო-გამოფენებს, კინო-ჩვენებას და მშვიდობის თემატიკაზე მიძღვნილ სხვადასხვა აქციებს გააერთიანებს. მშვიდობის ფესტივალი Back To Anaklia, რომლის ორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრია ყოველწლიურ სახეს მიიღებს.