სტუდენტებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდუმარე აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ლოზუნგები: "არ ვიყიდებით", "ვერ მოისყიდით სტუდენტებს".
სტუდენტებმა საზაფხულო დასაქმების პროგრამა გააპროტესტეს, რადგან მიიჩნევენ, რომ პროგრამა წინასაარჩევნოდ ხმების მოსაზიდად შეიქმნა და ეს ანაკლიაში პრეზიდენტის სტუდენტებთან შეხვედრამ დაადასტურა.
"სტუდენტები თავად განსაზღვრავენ, რა პოლიტიკური პლატფორმა უნდა ჰქონდეთ. ჩვენ არ გვჭირდება არავის დირექტივა, თუ ვის მივცეთ ხმა", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ალექსანდრე კობაიძემ.
მან ასევე დასძინა, რომ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ხვალ, 25 აგვისტოს, აქციას გამართავს ილია სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სამსახურიდან გათავისუფლებულ პროფესორ-მასწავლებლებს მხარს დაუჭერენ.
სტუდენტები აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 25-მდე პროფესორ-მასწავლებელია გათავისუფლებული.