დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში, ალაზნისპირა სოფლებში რთველი დაიწყო. მევენახეები საფერავის ჯიშის ყურძენს კრეფენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა პაატა ჭავჭანიძემ განუცხადა, ამ დროისთის რეგიონში ყურძენს 5 ღვინის ქარხანა იბარებს.
„უკვე მუშაობს წნორის, გურჯაანში - კოტეხის და ვაჩნაძიანის, საგარეჯოში - ბადიაურის და ყვარელში - ჭიკაანის ღვინის ქარხნები. საფერავში 65 თეთრს იხდიან, რასაც ემატება 35 თეთრი სუბსიდია, რომელიც გასულ წელთან შედარებით 10 თეთრით გაზრდილია. რქაწითელის ფასი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა სახელმწიფომ სუბსიდია თეთრ ყურძენზეც 10 თეთრით გაზარდა და გასულ წელს თუ 15 თეთრი იყო, ახლა 25 თეთრია. ვცდილობთ, რომ ყურძნის ფასის დადგენის პროცესში არ ჩავერიოთ", - განაცხადა პაატა ჭავჭანიძემ.
მისივე თქმით, სეტყვისგან დაზიანებულ რქაწითელს ღვინის ქარხნები 35 თეთრად, საფერავს კი 40 თეთრად იბარებენ. დაზიანებულ ყურძენზე სუბსიდია არ გაიცემა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ღვინის ქარხნების დირექტორებმა განუცხადეს, რქაწითელს, რომელიც დაზიანებული არ არის, 45-50 თეთრად ჩაიბარებენ.
შეგახსენებთ, წელს კახეთში 90 ათასამდე ტონა ყურძენია მოსალოდნელი. 2011 წელს, კახეთში ყურძნის მოსავალმა 113 506 ტონა შეადგინა. აქედან 82 179 ტონა რქაწითელი, 26 236,5 ტონა საფერავი, 5 090,5 ტონა კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იყო, მათ შორის ჰიბრიდული. რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. ქარხნებმა რქაწითელის ჯიშის ყურძენი 45-50 თეთრად, საფერავი კი 60-65 თეთრად ჩაიბარეს. აქედან რქაწითელზე სუბსიდია 15 თეთრი, საფერავზე კი 25 თეთრი იყო.