თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე: ქეთევან დუგლაძე, მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე, მერაბ ლომიძე) განიხილა და არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია "თრიალეთის" სააპელაციო საჩივარი.
დავის არსი მდგომარეობდა შემდეგში: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 5 აგვისტოს #420/18 გადაწყვეტილებით ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" გაფრთხილდა "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
აღნიშნული "გაფრთხილება" ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთმა" ჩათვალა უკანონოდ, რადგან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოთხოვნა დააყენა კანონის უხეში დარღვევით.
ეს დარღვევა აღიარა სასამართლომ: "..."მაუწყებლობის შესახებ" კანონის 70-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კომისიის მიერ 2011 წლის 2 ივნისის წერილით ინფორმაციის წარდგენის დავალება 5 დღის ვადაში ეწინააღმდეგება "მაუწყებელთა შესახებ" კანონით 70-ე მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესს". (გადაწყვეტილება მე-6 გვ. მე-3 აბზაცი. სტილი დაცულია).
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ კანონის დარღვევად სცნო კომისიის 2 ივნისის #04/1143-II წერილში მითითებული ინფორმაციის წარმოდგენის 5 დღიანი ვადა, არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი, უფრო მეტიც სასამართლო შეეცადა შეექმნა ილუზია, თითქოს მხოლოდ ეს ერთი დარღვევა იყო 2 ივნისის წერილში, კერძოდ, კანონით განსაზღვრული 15 დღიანი ვადის 5 დღით უკანონოდ შეცვლა.
იმავე წერილში, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ჩვენგან უკანონოდ ითხოვდა ინფორმაციის (1 თვის გადაცემების სრულ ჩანაწერს) წარდგენას SD და DVD დისკების მეშვეობით. ეს მოთხოვნა უკანონო იყო არა მარტო იმიტომ, რომ კანონით არ არის განსაზღვრული რა ფორმით უნდა წარგვედგინა ინფორმაცია, მაგ. მყარ დისკზე, ასევე იმიტომაც, რომ მოთხოვნილი ფორმით, SD და DVD დისკებზე გადატანას სჭირდება დამატებითი ფინანსური ხარჯები, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანურ რესურსზე. ასევე, მთავარი უკანონობა კომისიის მხრიდან იყო ის, რომ 2 ივნისის წერილის მოთხოვნა შეუსრულებადი იყო იმ დროში (5 დღეში) და იმ ფორმით როგორც კომისია ითხოვდა.
ტელეკომპანია "თრიალეთში" განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ღიად, მიკერძოებულად, კომისიის მხარეს გამოხატავდნენ.
" ერთ-ერთი მოსამართლე ყველანაირად ეცადა კომისიის წარმომადგენლისათვის ეთქმევინებინა, რომ თითქოს კომისიის წერილში აღნიშნული 5-დღიანი ვადა იყო შემთხვევითი, ანუ ტექნიკური შეცდომა. აქვე აღსანიშნავია კომისიის წარმომადგენლის განცხადება, რომ ბევრმა სუბიექტმა დაარღვია ვადა, მაგრამ მათთვის კომისიას გაფრთხილება არ მიუცია. ამდენად მიგვაჩნია, რომ სასამართლო იყო ტენდენციური, რაც აისახა გადაწყვეტილებაში - ჩვენი აპელაციის არ დაკმაყოფილებით.
ჩვენ გავაგრძელებთ დავას სიმართლისათვის ზემდგომ ინსტანციაში, თუმცა, უიმედოდ, რადგანაც ჩვენი არაერთი გამოცდილებით დავრწმუნდით, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს", - აცხადებენ ტელეკომპანიაში.