„ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები ნუგზარ ფუტკარაძე და ვაჟა ვერულიძე ბარცხანის დასახლების მოსახლეობას შეხვდნენ. პარტიის წევრები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ და მათ „ქრისტიან-დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამაზე ესაუბრნენ. ნუგზარ ფუტკარაძის განცხადებით ბარცხანლების უმთავრეს პრობლემას სასმელი წყლისა და ჰაერის ნავთობის ნარჩენებით დაბინძურებაა. როგორც მოსახლეობამ განმარტა წლებია მათ დასახლებაში ნავთნარევი წყალი მოდის, ხოლო ჰაერი იქვე მდებარე ქარხნებიდან გამონაბოლქვი სუნით იწამლება. ვაჟა ვერულიძე ბარცხანაში მცხოვრებთ ამ საკითხის საკრებულოს სხდომაზე დაყენებას და ხელისუფლებისთვის პრობლემის უახლოეს ხანებში მოგვარების მოთხოვნას დაჰპირდა.
„ყველა ეს პრობლემა რასაც მსგავსი შეხვედრებისას ვეცნობით თითქმის იდენტურია მთელს საქართველოში. მსგავს საყოფაცხოვრებო პრობლემებთან ერთად მოსახლეობის უმეტესობას უმუშევრობა და ჯანდაცვისა და განათლების ხელმიუწვდომლობა აწუხებს. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანი ის, რომ მოსახლეობას არა მარტო დავპირდეთ ყველა ამ პრობლემის მოგვარება, არამედ შევთავაზოთ და ავუხსნათ მათ ის მექანიზმი, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენს პროგრამაში ჩადებული საკითხების განხორციელებას და რეალიზაციას." - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაჟა ვერულიძემ.