ვაჟა ფშაველას სახლ- მუზეუმის დირექტორი ლელა რაზიკაშვილი, რომელიც ვაჟა ფშაველას შთამომავალია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ლელა რაზიკაშვილი მის გათავისუფლებას 14 ივლისს, ჩარგალში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობას და „ქართული ოცნების" მხარდაჭერას უკავშირებს.
„14 ივლისის შემდეგ უნდათ ჩემი შეცვლა, რადგან ბიძინა ივანიშვილს ვუმასპინძლე. ვერავინ ვერ იპოვეს, არცერთი მწერალი და პოეტი არ დასთანხმდათ. ბოლოს ისევ ჩემი მოგვარე იპოვეს, რომელიც მანამდე ჩვენთან ექსკურსიამძღოლად მუშაობდა და ის დანიშნეს დირექტორად. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მე ვადასტურებ, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ, მაგრამ, არ ვარ არცერთი პარტიის წევრი", - განუცხადა ლელა რაზიკაშვილმა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს. იგი ვაჟა ფშაველას სახლ - მუზეუმის დირექტორად 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. მისივე თქმით, აპირებს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება სასამართლოში გაასაჩივროს.