ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებისგან 80 მილიონის ხარჯვის მიზნობრიობს წარმოუდგენას მოითხოვს. ივანიშვილი მზადაა, თუ ხელისუფლება დაასაბუთებს, რომ ეს თანხა საკმარისი არ იყო სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, კახი კალაძესთან ერთად, კიდევ გადარიცხოს თანხა, რომელსაც "ხელისუფლება ჯარიმების სახით მარტივად გამონახავს".
"ძალიან ცუდია, რომ ამ გაჭირვებულ ჟამს ბუნებაც განსაცდელს გვიმზადებს. ისედაც გაჭირვებული ჩვენი მოსახლეობა ამ განსაცდელსაც უპირისპირდება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მათ დავეხმაროთ, მაგრამ კანონიერი დახმარების საშუალება არ გვაქვს. ის ირიბი გზა, რაც 80 მილიონის გადარიცხვის სახით გამოვნახე, ამ ხალხის სასარგებლოდ გამოყენებული არ არის", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, - "კეთილი ინებონ და ხალხს აუნაზღაურონ დანაკლისი, არა მოგონილი თანხებით, არამედ - ზარალის შესაბამისად".