ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას უცხოეთში მყოფი პირებისა და დაუდგენელი - არარსებულ მისამართებზე მიწერილი მოქალაქეების გამოყენებით გეგმავს. ამის შესახებ "ამომრჩეველთა ლიგის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა.
ჩიკვაიძე აღნიშნულის დამადასტურებლად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ხელისუფლებას ამომრჩეველთა ერთიანი სია ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია.
"სია ამომრჩევლებისთვის კვლავ დაფარული რჩება. ინფორმაციასთან მკაცრად ლიმიტირებული წვდომა და ისიც მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით, ვერ მოიტანს იმ შედეგს, რის პროპაგანდასაც სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის საშუალებით ხელისუფლება ახდენს", - აღნიშნა ჩიკვაიძემ.
მისი თქმით, სიაში ყალბი მანიპულაციის საშუალებას იძლევა დაუდგენელი, არარსებულ მისამართებზე მიწერილი, უცხოეთში მყოფი და გარდაცვლილი ამომრჩევლები.
"ამ კატეგორიის ამომრჩეველთა იმ წესით გადამოწმების, რასაც ხელისუფლება ამომრჩეველს სთავაზობს, თეორიული შანსიც არ არსებობს", - განაცხადა "ამომრჩეველთა ლიგის" აღმასრულებელმა დირექტორმა.
ჩიკვაიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა სახელმწიფო კომისიას გამოაქვეყნოს ინფორმაცია უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობის შესახებ.
"დღეს საარჩევნო კომისიაში "ამომრჩეველთა ლიგის" წერილი შევიდა, რომლითაც მოვითხოვთ, რომ ამომრჩეველთა სიის საჯარო ნაწილის ელექტრონული ვერსია გადმოგვცენ", - განაცხადა ჩიკვაიძემ და დასძინა, რომ ასეთ შემთხვევაში "ამომრჩეველთა ლიგა" მოსახლეობას და დაინტერესებულ ჯგუფებს სრულად გაუწევს იმ მომსახურებას, რომელსაც ხელისუფლება ზღუდავს.