ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩერა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიამ განცხადება გაავრცელა რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
2012 წლის 10 აგვისტოს №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი გლუნჩაძის საინიციატივო ჯგუფმა დასარეგისტრირებლად წარადგინა მხარდამჭერთა ხელმოწერები.
კომისიამ ჯგუფის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გადამოწმების შედეგად ხარვეზები აღმოაჩინა, რის შედეგადაც 67 ხელმოწერა გაბათილდა: 5 ხელმომწერიდან 1 გარდაცვლილი და ერთი გაორებული აღმოჩნდა, ხოლო სამი არ იყო ამ ოლქის ამომრჩეველი. სიაში მოცემულმა 62-მა პირმა კი განცხადებით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ ჯგუფის მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიებში არსებული ხელმოწერები მათ არ ეკუთვნოდათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფს აღარ ჰქონდა მხარდამჭერთა ხელმოწერების დადგენილი რაოდენობა (საინიციატივო ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს ოლქში არსებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხარდამჭერთა ხელმოწერების 1 პროცენტი, აღნიშნულ შემთხვევაში ჯგუფს 204 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარმოედგინა). გიორგი გლუნჩაძეს ახალი ხელმოწერების წარდგენა 2 დღის ვადაში დაევალა, რომელიც მან წარმოადგინა დროულად.
ამომრჩევლებმა, რომლებმაც გიორგი გლუნჩაძის მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიაში საკუთარი ხელმოწერა გაყალბებულად მიიჩნიეს, საჩივარი პროკურატურაში შეიტანეს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ განჩინებით საოლქო საარჩევნო კომისიიდან გლუნჩაძის კანდიდატის დასარეგისტრირებელად საჭირო ყველა დოკუმენტაციის დედანი ამოიღო, მათ შორის ხელმომწერთა სიებიც. კანდიდატის რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.