Tax Free-ს სერვისთ, რომელიც ერთი წლის წინ ამოქმედდა და უკვე რეგისტრირებულია 230 მაღაზია, ამ დროისათვის 1500 უცხოელმა ისარგებლა, ხოლო დაბრუნებულმა თანხამ კი 400 000 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, Tax Free გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნებას.დღგ საქართველოში 18 პროცენტია. დასაბრუნებელ დღგ-ის თანხას გამოაკლდება ბანკის მიერ გაწეული მომსახურების საკომისიო, თანხის 3 პროცენტი.
დღგ-ის თანხის დაბრუნება საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთამდე ხდება. საქონელი უნდა იყოს შეძენილი იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება. სავაჭრო ობიექტებს ქვითრის გაცემის უფლებას შემოსავლების სამსახური ანიჭებს.
უნაღდო ანგარიშსწორებისას უცხოელს გადახდილი დღგ-ის თანხა უბრუნდება ქვეყნის დატოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში - უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ქვითრის წარდგენისთანავე.
დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება საქონელზე და არა მომსახურებაზე.