საქართველოს საგარეო უწყება ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს ეკისრება, რადგან სწორედ ის განაგებს ვითარებას სამხრეთ ოსეთში.
"ეთნიკური წმენდა, რომელიც განხორციელდა 2008 წელს ქართველების წინააღმდეგ ისევ გრძელდება. თიბილოვის განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დანგრეული იქნას დარჩენილი სოფლები და შენობა-ნაგებობები არის გაგრძელება იმ ეთნოწმენდის, რომელიც ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ განცხადებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსულ მხარეს", - განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ოსურ მედიასთან გააკეთა განცხადება, რომ ცხინვალის ქართულ სოფლებში საცხოვრებელ სახლებს მთლიანად დაანგრევენ და იქ სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო დაწესებულებებს ააშენებენ.