ქართული მხარე უკრაინაში სასაწყობე მეურნეობის მშენებლობისათვის ტერიტორიას არჩევს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისათვის სასაწყობე მეურნეობის დიზაინზე მიმდინარეობს მუშაობა და მას შემდეგ, რაც დიზაინი შემუშავდება და გაირკვევა თუ რა სახის პროდუქციის დასაწყობება მოხდება სასაწყობე მეურნეობაში, ამის შემდეგ მისი მშენებლობაც დაიწყება.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო უკრაინაში ტერიტორიას იჯარით აიღებს და სწორედ ამ ტერიტორიაზე განათავსებს საკუთარ სასაწყობე მეურნეობას. თუმცა კონკრეტული ადგილი სად განთავსდება სასაწყობე მეურნეობა არ კონკრეტდება, რადგანაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მის განსათავსებლად უკრაინაში რამდენიმე ალტერნატიულ ადგილს განიხილავს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განმარტა, ქართული პროდუქციის უკრაინაში გატანას „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანია" უზრუნველყოფს.
მერაბიშვილის განმარტებით, კომპანიამ მოსახლეობისგან ჭარბი მოსავალი უნდა ჩაიბაროს და შემდეგ ექსპორტზე უკრაინაში გაიტანოს, საიდანაც მოგვიანებით მისი ევროპის ქვეყნებში რეექსპორტი განხორციელდება.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ფერმერებს და გლეხებს ექნება გარანტია, რომ აღნიშნული კომპანია სრულად ჩაიბარებს ჭარბ მოსავალს კონკურენტულ ფასად, უზრუნველყოფს მის დახარისხებას და დაფასოებას და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას, ხოლო დანაკარგების შემთხვევაში აანაზღაურებს ზარალს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ტიპის გარანტიები აუცილებელი არის გლეხებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ მეტი მოსავლის მოყვანის სტიმული.
პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქართველი ფერმერებისა და გლეხებისთვის დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა მოთხოვნის არასტაბილურობა ბაზრებზე, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს იწვევდა, ხოლო დღეიდან მათ მიერ მოწეული მოსავლის გასაღების გარანტი სახელმწიფო ხდება.