ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები და რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაზე და ექთნებისათვის ხელფასების მომატების საკითხზე.
2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით დაახლოებით მილიონ ადამიანს დააზღვევს. შესაბამისად, ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.4 მილიონს მიაღწევს, რაც თავისთავად გაზრდის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობას. ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, ნებისმიერი სტაციონარი და ამბულატორია მზად იყოს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებისათვის, რათა მოსახლეობამ მაღალი დონის სამედიცინო სერვისი მიღოს.
სადაზღვევო კომპანია ,,ალფა"-ს კუთვნილი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 55 საწოლიანია და ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. პაციენტებს სასწრაფო სამედიცინო, გადაუდებელი, ქირურგიული, თერაპიული, პედიატრიული, მეან-გინეკოლოგიური, რეანიმაციული, კარდიოლოგიური, დიაგნოსტიკური და სხვა სერვისების მიღება შეუძლიათ. სამედიცინო ცენტრში 278 ადამიანია დასაქმებული.
საავადმყოფოს ასაშენებლად სადაზღვევო კომპანია ,,ალფა"-მ 7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კლინიკამ ფუნქციონირება 2011 წლის 17 დეკემბერს დაიწყო. გახსნის შემდეგ, ოზურგეთის ახალ სამედიცინო ცენტრში 35 000-მდე პაციენტი მიიღეს.