"ნაციონალური მოძრაობის" კრედო ან გნებავთ დოქტრინა, მდგომარეობს შემდეგში: არ დავუშვათ წარსულის დაბრუნება , არ დავუშვათ აშენებულის დანგრევა, არასოდეს დავუჩოქოთ მტერს და მეტი სარგებელი მოვუტანოთ ხალხს, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არის პასუხი კითხვაზე - რატომ "ნაციონალური მოძრაობა".
"ხალხი დაფიქრდება, რა სარგებლობას მოუტანს "ნაციონალური მოძრაობა" მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას და ხალხს და საზოგადოება ამ სულისკვეთებით გააკეთებს არჩევანს. ჩვენი ამოცანაა, მეტი სარგებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, რაც ნიშნავს უკეთეს ჯანდაცვას, გაძლიერებულ სოფელს და დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს", - განაცხადა უგულავამ.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ახლაც, ისევე როგორც, ყველა არჩევნების წინ, აქტუალურია შეკითხვა, რატომ "ნაციონალური მოძრაობა" 8 წლის თავზე. მისი თქმით, ამის პასუხი შემდეგ შეკითხვებშია:
"არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე იყო 8 წლის წინ? არის თუ არა თბილისი უკეთესი ქალაქი, ვიდრე იყო 8 წლის წინ და პრობლემების მიუხედავად არის თუ არა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება დღეს უკეთესი, ვიდრე იყო 8 წლის წინ? ამაზე დადებითი პასუხი აქვს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას, უფრო მეტს, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, ეს კი იმას ნიშნავს, ჩვენ მოქალაქეებს არ სურთ წარსულში დაბრუნება, წარსულზე ოცნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხალხი არ დაუშვებს აშენებულის დანგრევას, რომ ჩვენ ხალხს კარგად ესმის ის გამოწვევები და საფრთხეები, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემოა, მაგრამ არასდროს დათმობს თავისუფლებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხალხი ხედავს განვითარებას, მაგრამ სამართლიანად მოითხოვს კიდევ უფრო მეტს", - აღნიშნა უგულავამ.
თბილისის მერმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დღეს ის ათი კანდიდატი დაასახელა, რომლებიც საპარლამენტო მანდატებისთვის ნაციონალური მოძრაობის სახელით თბილისის სხვადასხვა უბანში იბრძოლებს. ვაკის საარჩევნო ოლქში კენჭს იყრის გიორგი კარბელაშვილი, მთაწმინდა - არჩილ გეგენავა, კრწანისი - დავით საყვარელიძე, გლდანი - ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, ნაძალადევი - მერაბ სამადაშვილი, ჩუღურეთი - ანდრო ალავიძე, ისანი - გიორგი ვაშაძე, სამგორი - მიხეილ მაჭავარიანი, საბურთალო - ანდრია ურუშაძე და დიდუბე - გიორგი ჩაჩანიძე.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.