საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორ რიჩარდ ლუგარსა და აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწე ენდრიუ ვებერთან ერთად საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას საძირკველი ჩაუყარეს.
როგორც ჟურნალისტებს აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური პროგრამების განხრით, ენდრიუ ვებერმა განუცხადა, აღნიშნული პროგრამის განხორციელება საქართველოს, აშშ-ს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შედეგია.
"ეს გახლავთ უნიკალური ცენტრი, რომელიც თავისი არსით პირველია რეგიონში. ის ხელს შეუწყობს განსხვავებულ ინფექციებზე მუშაობას, არსებული ვირუსების შესწავლას, უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ჯანდაცვას და ცხოველთა ჯანმრთელობას. მას აქვს პოტენციალი მოემსახუროს მთელ შავი ზღვის რეგიონს", - განაცხადა ენდრიუ ვებერმა.
მისივე განმარტებით, პროექტის განხორციელება იმ თანამშრომლობის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს შორის არსებობდა.
"პრეზიდენტი ობამა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ძალისხმევა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დაუპირისპირდეს ისეთ დაავადებებს, როგორიც გახლდათ H1N1 ვირუსის გავრცელება. მინდა მადლობა გადავუხადო იმ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს და წვლილი შეაქვთ ჩვენს საერთო ძალისხმევაში", - აღნიშნა ვებერმა.