დედაქალაქის მერიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქალაქში საარჩევნო პლაკატების გაკვრის წესი დაარეგულირა. მერიის პრესსპიკერ ბაჩო დოლიძის განცხადებით, გამოყოფილია ადგილები, სადაც სპეციალურად დამონტაჟებული სტენდებით სარგებლობა ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბრად შეეძლება.
რაც შეეხება ქალაქში არსებულ შენობა-ნაგებობებზე პლაკატების გაკვრას, მისი განცხადებით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, გარკვეულ შენობა-ნაგებობებზე პლაკატების გაკვრა აკრძალულია.
მისი თქმით, თბილისის მთავრობამ განსაზღვრა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომელზედაც პლაკატების განთავსება იკრძალება. ესაა ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული კლულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რეაბილიტირებული შენობები, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების შენობები.
დოლიძის განცხადებით, გარდა საკანონდებლო აკრძალვისა, თბილისის მთავრობა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ გააკრან საარჩევნო პლაკატები ახლად რეაბილიტირებულ ისტორიულ შენობა-ნაგებობეზე, იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების დაცვის მიზნით.