თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი კახა კალაძე 16 მლნ 944 ათას 960 ლარით დაჯარიმა და ქონება დაყადაღდა. სასამართლოს, შუამდგომლობით აუდიტის სამსახურმა მიმართა. კახა კალაძემ დაკისრებული ჯარიმა 7 დღეში უნდა დაფაროს.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის განმავლობაში, გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5 მლნ 552 ათას135 ლარი, ხოლო კახა კალაძემ 3 მლნ 388 ათას 992 ლარი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მილიონობით ლარის ხარჯვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტის დადასტურების მიზნით, ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა წერილით მიმართა, წარმოედგინათ დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ, რაზეც წერილის ადრესატებმა დაუსაბუთებელი უარი განაცხადეს.