დაბა ხელვაჩაურში ჩაის საწარმოს კომპანია "ATLAS"- ი ააშენებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, "ATLAS"-მ ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 4900 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე 72 ათას ლარად შეიძინა.
მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არა ნაკლებ 6 თვის ვადაში დაიწყოს, არა ნაკლებ 12 თვის ვადაში დაასრულოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს ჩაის დამფასოებელი საწარმოს შენობა, რისთვისაც განახორციელოს არა ნაკლებ 350 000 ლარის ინევესტიცია.
მყიდველი ვალდებულია, ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვის ვადაში საწარმოში მუდმივად 2 წლის ვადით დაასაქმოს არანაკლებ 10 მოქალაქე.
იმავდროულად, მყიდველი ვალდებული ხდება, აუქციონის დასრულებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს შპს "ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავის" კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით, საზოგადოების ანგარიშზე 51 470 ლარის ჩარიცხვა, რომელიც 2012 წლის 16 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 51 470 ლარს, რომელსაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება საურავი.
ობიექტის საწყისი ღირებულება მეორად აუქციონზე 70 ათასი ლარი იყო, მაშინ, როდესაც პირველად აუციონზე მისი საწყისი ფასი 175 ათას ლარს შეადგენდა.