დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სამხედრო საზღვაო ძალების მძლავრ დაჯგუფებას აგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური მედია ბრიტანეთის სამხედრო უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ გემები ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაიძვრებიან, ვინაიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გასაგზავნად გამზადებული ვერტმფრენმზიდი "Illustrious "-ი ლონდონის რაიონში უსაფრთხოების დაცვითაა დაკავებული. იგი ბრიტანეთის დედაქალაქში ტემზით შემოიყვანეს და იქ ოლიმპიადს დასრულებამდე დარჩება.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო უწყების ოფიციალური ვერსიით ინგლის-საფრანგეთის ოპერატიული ჯგუფის გემები მონაწილეობას მიიღებენ სწავლება "Cougar-12"-ში, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთში ტარდება. ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში არსებულმა წყარომ განაცხადა, რომ გემები არ მიიღებენ მონაწილეობას სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში, არამედ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დარჩებიან აუცილებლობის შემთხვევაში რეგიონიდან ბრიტანეთის მოქალაქეების ევაკუაციისთვის.