უკრაინიდან ქართველი "კანონიერი ქურდი" გიორგი ჟღენტი გამოძევეს. ჟღენტს კრიმინალურ წრეებში "ჟორა ლანჩხუტსკის" სახელით იცნობენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კრიმინალურმა ავტორიტეტმა უკრაინაში თითქმის ერთი წელი იცხოვრა. რამდენიმე დღის წინ იგი კიევში დააკავეს. პოლიციის მონაცემებით, ჟღენტი ეთნიკური ქურდული ჯგუფის მოქმედების კოორდინირებას ცდილობდა.
თავად გიორგი ჟღენტი აცხადებს, რომ უკრაინაში სამკურნალოდ ჩამოვიდა.
ადგილობრივ მილიციის განყოფილებაში აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გიორგი ჟღენტი უკანონოდ იმყოფებოდა. დაკავების შემდეგ მალევე მისი სამშობლოში დეპორტირება მოხდა. ამასთან ერთად, მას უკრაინის ტერიტორიაზე ჩასვლა სამი წლის განმავლობაში აეკრძალა.
აღსანიშნავია, რომ არაერთგზის ნასამართლები გიორგი ჟღენტი რუსეთიდან ორი წლის წინ არის დეპორტირებული.