სასჯელაღსრულების სამინისტრო არასრულწლოვანი მსჯავრდადებულების მიერ დადგენილი დღის წესრიგის დარღვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"უკანასკნელ პერიოდში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფარგლებში №11 არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში გატარდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და სარეაბილიტაციო რეფორმები, რამაც აღნიშნულ დაწესებულებაში სრულფასოვნად დანერგა ევროპული სტანდარტები და მიდგომები, რაც აგრეთვე აღიარებულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ზოგიერთი არასრულწლოვანი მსჯავრდადებულის მიერ ინსპირირებულ იქნა დადგენილი დღის წესრიგის უხეში დარღვევა, რამაც ნაწილი ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანება გამოიწვია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ, წესრიგის აღდგენის მიზნით, გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. დისციპლინის უზრუნველყოფისა და შემდგომი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, არასრულწლოვანი მსჯავრდადებულები გადანაწილდნენ სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც მათთვის შექმნილია კანონმდებლობით გათვალისწინებული საცხოვრებელი პირობები. აღსანიშნავია, რომ არც ერთ მსჯავრდადებულს არ მიუღია ჯანმრთელობის დაზიანება.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულებისთანავე ხელმისაწვდომი იქნება დამატებითი ინფორმაცია", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები