რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან ოთხი წელი გავიდა. რუსულ აგრესიის შედეგად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 169 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის ოფიციალური ცერემონიალი დღეს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე გაიმართა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა დევი ჭანკოტაძემ გვირგვინით შეამკეს დაღუპულ გმირთა მემორიალი და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის სამინისტროს სასულო ორკესტრის მიერ შესრულდა სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი.
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიას თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები და გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
აგვისტოს ომის დროს დაღუპულ მეომართა ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჯარისკაცებს, ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა. აგვისტოს ომის მე-4 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიალზე საქართველოში წარმოებული ჯავშანტექნიკაც იყო წარმოდგენილი, რომელიც თავდაცვის უწყების სიძლიერის სიმბოლოდ მიიჩნევა.