ხვალ, 9 აგვისტოს, "ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში" საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადაინაცვლებს.
"ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში" 6 აგვისტოს გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ეწყობა.
წლევანდელი ღონისძიება გაფართოებული ფორმატით ტარდება. თსუ-მ სკოლა-სემინარს 6-7 აგვისტოს უმასპინძლა; ღონისძიება 9-10 აგვისტოს სტუ-ში გრძელდება; 13-17 აგვისტოს კი "საზაფხულო სკოლის" სახით გადაინაცვლებს ბათუმში. მასპინძლობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გასწევს. ჩატარდება ლექციების კურსი ინჟინერინგისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.
"ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში" უკვე მეხუთედ ტარდება. მას საფუძველი 2004 წელს თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტისა და გერმანიის ქ. იულიხის კვლევათა ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ჩაეყარა. სკოლა-სემინარი ყოველ მეორე წელს ტარდება. იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის, ჰანს შტროერის განცხდებით, წლევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლებას, ასევე, იულიხისა და რუსთაველის ეროვნული საეცნიერო ფონდის იმ ერთობლივ პროექტზე, რომელთან დაკავშირებული კონკურსიც მომდევნო თვეში გამოცხადდება.