2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დალი ხომერიკი და უწყების წარმომადგენლებიც მიაგებენ .
ომიდან მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების დარღვევით განახორციელეს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია.
"ხუთდღიან ომს საქართველოს არაერთი მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. საქართველოს მთავრობამ, ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების თანადგომით, შეძლო კრიზისულ სიტუაციაში იძულებით გადაადგილებული პირების ჰუმანიტარული დახმარებით და თავშესაფრით, მოკლე ხანში კი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. სამინისტრო განაგრძობს იძულებით გადაადგილებულ ადამიანებზე ზრუნვას მათ უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებამდე საკუთარ მიწა-წყალზე", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.