აჭარაში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებების მეორე გენერეცია დაიწყო. ამ მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დონარა სურმანიძე ბათუმის გონიოს დასახლებაში იმყოფებოდნენ.
ამერიკული თეთრი პეპლის მეორე გენერაციის მატლების წინააღმდეგ წამლობები ჩატარდება ორი ტიპის 4 ერთეული ავტომექანიზებული დანადგარით და 20 ერთეული ზურგსაკიდი შემასხურებელი აგრეგატებით.
შეწამვლისას SKAUT -345 გამოიყენება, რომლითაც ხდება სველი ნისლის ლოკალური გაფრქვევა. ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით დამუშავებული იქნება ქ.ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიები, სულ 1500 ჰა ფართობზე.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში შესაწამლი პრეპარატები უსასყიდლოდ გადასცეს ფერმერებს.
,,1600-მდე ფერმერს გადავსცემთ ამ პრეპარატს, აქვე მინდა მათ მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად შეეცადონ გამოიყენონ ეს პრეპარატი ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლისათვის თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებში, აქვე დავამატებდი, რომ იგივე პრეპარატი, ასევე, წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას მეორე პეპლის-ეგრეთ წოდებული იაპონური პეპლის წინააღმდეგ ბრძოლისათვის'', - განაცხადა მინისტრმა.