ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისივე თქმით, ფასების მატება დაიწყო ივლისის პირველი რიცხვებიდან და დღემდე გრძელდება. საერთო ჯამში ივლისის თვიდან საერთაშორისო ფასი ბენზინზე გაზრდილია საშუალოდ 130 დოლარით/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავზე - 60 დოლარით ტონაზე.
მთვრალაშვილი განმარტავს, რომ საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე ტრადიციულად ზაფხულის პერიოდში ყოველთვის იმატებს, რაც პირდაპირ კავშირშია წელიწადის ამ დროს ნავთობპროდუქტების მოხმარების ზრდასთან და არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი.
"ყოველივე ამან გავლენა იქონია ჩვენს ბაზარზეც და მოხდა საწვავის ფასის ზრდა. კერძოდ, საქართველოს საცალო ქსელში ყველა კატეგორიის საწვავი გაძვირდა 5 თეთრით/ლიტრაზე.
აქვე უნდა ითქვას, რომ უფრო ადრინდელი პერიოდი ხასიათდებოდა ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების შემცირებით, რისი გავლენის შედეგადაც ჩვენთანაც მოხდა საწვავის ფასის შემცირება. კერძოდ, მთლიანობაში მაისის შუა რიცხვებიდან ივლისის პირველ რიცხვებამდე ყველა კატეგორიის საწვავის ფასი შემცირდა 20-25 თეთრით/ლიტრაზე", - აცხადებს მთვრალაშვილი.