ოკუპირებულ აფხაზეთში წმინდა გიორგის ტაძარს შლიან და საშენ მასალად იყენებენ. ტაძარი სოხუმის რაიონის სოფელ მალაია გუმაში იმყოფება. სეპარატისტები აცხადებენ, რომ ტაძარი მიტოვებულია და ამ ვანდალური საქციელის ამ ახსნა-განმარტებით გამართლებას ცდილობენ. ტაძრის აღმოსავლეთი კედელი მთლიანად განადგურებულია.
1897 წელს ბერძნებმა სოფელში, რომელსაც მაშინ ანდრეევსკი ერქვა წმინდა გიორგის ტაძარი ააგეს. მაშინ იგი სოხუმის ეპარქიის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა, რომლის გავლენაც მაშინ ენგურიდან ანაპამდე მდებარე ყველა ტაძარზე ვრცელდებოდა. საბჭოეთის დროს ტაძარი მიტოვებული იყო, მაგრამ 1991 წელს გადაწყდა, რომ იგი კვლავ ამოქმედებულიყო. თუმცა ეს ვერ მოხერხდა, ვინაიდან მალე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
"წმინდა გიორგის ტაძარი - არქიტექტურის ძეგლია. იგი დაცულიც არია, მაგრამ იმის გამო რომ ტაძარი დედაქალაქიდან შორს მდებარეობს მისი მხედვა ვერ ხერხდება. ბოროტმოქმედებმაც ალბათ ამით ისარგებლეს და უფასო სამშენებლო მასალის მოპოვება გადაწყვიტეს", _ აცხადებს აფხაზი ისტორიკოსი ანზორ აგუმაა "ეხო კავკაზთან" საუბრისას და აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურისადმი მიმართვას აპირებს.
"ეს მორიგი ბარბაროსობაა, რომელთანაც ბრძოლას ვცდილობთ, მაგრამ ფაქტობრივად ვერაფერს ვაკეთებთ. აქ, რომ რაღაცას შევაჩერებთ, სხვა ადგილზე იწყება. ეს ტაძარი საკმაოდ ახალია, იგი დაახლოებით 100-120 წლისაა. მისი შენახვა შეიძლებოდა. მართალია აქ მოსახლეობა არ არის მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ადგილებს აუცილებლად ავითვისებთ",_ აცხადებს აფხაზი ხელოვნებათმცოდნე სურამ საქანია და აღნიშნა, რომ ამ ადგილის სიწმინდე მხოლოდ წმინდა გიორგის ტაძართან არ არის დაკავშირებული. მისი თქმით, აქ უძველესი ტაძარი არსებობდა და ამის უამრავი დამადასტურებელი მასალა არსებობს.