საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ერგნეთის ბლოკ-საგუშაგოზე იმყოფებოდა. იგი საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარე ქართულ სოფლებს იცავენ.
დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს, რომლებიც რუსული აგრესიის პირველივე დღიდან იცავენ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.
"დღეს ვიგონებთ ყველა ჩვენს დაცემულ გმირს, როგორც მებრძოლებსა და სამხედროებს ასევე მშვიდობიან მოსახლეობას. და დღევანდელ დღეს მინდა განსაკუთრებით ვთხოვო ყველა ჩვენს კოლეგას თუ ოპონენტს, მოდით ვიდავოთ ნებისნიერ თემაზე, გაგვაკრიტიკეთ ნებისმიერ საკითხზე, გაგვლანძღეთ ჩვენ მაგრამ ნუ გავლანძღავთ ჩვენს ქვეყანას, ნუ გავქელავთ ჩვენი დაღუპული მებრძოლების ღირსებას და ნუ ვიტყვით, რომ საქართველო და ქართველები არიან დამნაშავე იმაში, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში რუსეთი ებრძვის ქართულ სახელმწიფოს და ამ ბრძოლის შედეგი იყო სამჯერ პირდაპირი აგრესისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობა", _ განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ეს საოკუპაციო ხაზი არ გადის მხოლოდ ქართულ მიწაზე ის გადის ყველა ქართველის გულზე და ამიტომ ყველა ჩვენგანის საერთო ამოცანა უნდა იყოს ვიბრძოლოთ ყველამ ერთად, მხარდამხარ იმისათვის, რომ ეს კედელი რაც შეიძლება სწრაფად იქნეს დარღვეული, საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გამთლიანდეს და "მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ეს აუცილებლად ასეც იქნება".