საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროში 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გელა თიგიშვილის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს. დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაული. საპატიო ყარაულის სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წელს რუსული აგრესიის დროს დაღუპული სამხედროს ხსოვნას საგანგებო ზალპით მიაგეს პატივი.
აგვისტოს ომში უფროსი სერჟანტი გელა თიგიშვილი 36 წლის გარდაიცვალა. ამ დრომდე ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და მისი იდენტიფიცირება მხოლოდ დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა. უფროსი სერჟანტი თიგიშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალების IV ქვეით ბრიგადაში 2006 წლიდან მსახურობდა. თიგიშვილი დაჯილდოებულია მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული" და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
უფროსი სერჟანტის გელა თიგიშვილის დაკრძალვას ასევე დაესწრო მისივე თანამებრძოლის ზურაბ ტურაშვილის მამა გიორგი ტურაშვილი. სერჟანტი ტურაშვილი ასევე გმირულად დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომში 2008 წელს. სერჟანტი ტურაშვილი კვირას 5 აგვისტოს ყვარელში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრნენ. სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს.