ბონდო შალიკიანი ქილერმა მოკლა,*- ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ვალერი გელბახიანმა განუცხადა.
"ინფორმაციის გავრცელებისთანავე დავრეკე მინსკში და გადავამოწმე. როგორც მე მივიღე ინფორმაცია, იგი დღეს დილით, ქილერმა მოკლა. გარემოების შესახებ ჯერ-ჯერეობით არაფერი ვიცი, თუმცა დღის განმავლობაში უფრო მეტი გახდება ცნობილი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გელბახიანმა.
ბონდო შალიკიანი გავლენიან პერსონად ითვლებოდა იმერეთში. ის აკონტროლებდა ნავთობპროდუქტების ბიზნესს და მის მფლობელობაში იყო ტელეკომპანია „ქუთაისი". ის სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის იმერეთის ექს-გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმა არაერთხელ დაადანაშაულა კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში.
2004 წლის მარტში ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბონდო შალიკიანი სპეცოპერაციისას დააკავეს. პოლიციის მონაცემებით, ჩხრეკის დროს მის სახლში სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. სპეცოპერაციას მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.
ბელორუსის მედია წერს, რომ მკვლელობის გამოსაძიებლად სპეციალური ჯგუფია შექმნილი. თუმცა, სამართალდამცველები, ამ დრომდე, ჯერჯერობით, არ ახმაურებენ მოკლულის ვინაობას. იუწყებიან მხოლოდ იმის შესახებ, რომ მოკლულია კრიმინალური ავტორიტეტი ერთ-ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო.