საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნი პატივსაცემის ნიშნად, დღეს და ხვალ, 7 და 8 აგვისტოს მთელი საქართველოს მასშტაბით დაეშვება სახელმწიფო დროშები.
შეგახსენებთ: 2008 წლის 7 აგვისტოს ომი ცხინვალის რეგიონში ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის დაიწყო. ომში რუსეთი ოფიციალურად 8 აგვისტოს ჩაერთო, რომელმაც რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ლეგალურად შეიყვანა, თუმცა სხვადასხვა მონაცემით, რუსეთის ფედერაციამ ცხინვალის რეგიონში შესვლისათვის თავისი შეიარაღებული ძალები 7 აგვისტომდე გაცილებით უფრო ადრე მოამზადა და შესაფერის მომენტს დელოდა. ამასთან ერთად რუსეთმა და სეპარატისტებმა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა საბრძოლო მოქმედებებამდე რამდენიმე კვირით ადრე გახიზნეს და საქართველოს შეუტიეს. რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.
რუსებისა და ოსების გაერთიანებული სახედრო შენაერთები ქართველებს ცხინვალში სამ დღეს ებრძოდნენ. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს.
9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი დატოვეს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში - 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვა და რუსი ჯარისკავების თვითნებობა არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. 25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით აგვისტოს ომის დროს დაღუპულია: შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე; პოლიციის 16 თანამშრომელი; 188 მშვიდობიანი მოქალაქე.