ხვალ, 7 აგვისტოს, 11:00 სათზე, 2008 წლის რუსული ოკუპაციის მე-4 წლისთავის აღსანიშნავად, არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია სამართლიანობისათვის" საქართველოს ეროვნულ მუზეუმს 2008 წლის რუსული ოკუპაციის თემატიკაზე შექმნილ ახალ ექსპონატს გადასცემს, რომელიც ამიერიდან საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის მუდმივმოქმედი ნაწილი გახდება.
ახალი ექსპონატი სატელიტური ფოტოებზე დაყრდნობით შექმნილი ინსტალაციაა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალის რეგიონში ქართველების მიმართ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას ასახავს.
ექსპონატში გაერთიანებული ომამდელი და ომის შემდგომი სატელიტური ფოტოები, რომლებიც Google Map-ის საშუალებით იქნა მოპოვებული. ეს დოკუმენტური მასალა რუსული ოკუპაციის შემდეგ ქართული სოფლების მიზანმიმართულ ნგრევას ასახავს. ფოტოებში ნათლად ჩანს, რომ ქართულ სოფლებში სახლების დიდი ნაწილი დამწვარია, ხოლო ნაწილი ბულდოზერით არის მიწასთან გასწორებული. ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სოფლების მიზანმიმართული ნგრევა რუსეთის ეთნოწმენდის პოლიტიკის ნაწილი იყო და მიზნად ისახავდა ქართველი მოსახლეობის სახლების განადგურებით, მათთვის უკან დაბრუნების შესაძლებლობა მოესპოთ.
"კოალიცია სამართლიანობისათვის" ექსპონატს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დღეს გადასცემს. მომავალი კვირიდან დამთვალიერებლებს მისი ნახვა უკვე საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში შეეძლებათ.