ხვალიდან, 7 აგვისტოდან, წიგნის მაღაზიებში შორენა ლებანიძის მხატვრულ-დოკუმენტური რომანი "ეს მე ვარ - ფიროსმანი" გაიყიდება
გამომცემლობა "არტანუჯმა" მკითხველს შესთავაზა შორენა ლებანიძის მხატვრულ-დოკუმენტური რომანი "ეს მე ვარ - ფიროსმანი".
როგორც წიგნის ავტორი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომანი ფიროსმანის ცხოვრების თავისებური ლიტერატურული ვერსიაა, რომელიც ხელოვნებათმცოდნეთაგან მოპოვებული ცნობებით, საარქივო მასალითა და მხატვრის თანამედროვეთა მოგონებებითაა გამყარებული.
"წიგნი ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა უმთავრეს ეპიზოდს მოიცავს, მე-19 საუკუნის მიწურულის თბილისსა და თბილისელებს გვაცნობს. მისი არსია იდუმალებით მოცული მხატვრის მარადიული ძიების პროცესის ასახვა, ძიებისა, რომელიც დღემდე გრძელდება", - აცხადებს შორენა ლებანიძე.
"ეს მე ვარ - ფიროსმანი" შორენა ლებანიძის მეორე წიგნია. რამდენიმე წლის წინ გამოვიდა მისი დოკუმენტური მოთხრობა "მაესტროს დაბრუნება", რომელიც ქართველი დირიჟორის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ევგენი მიქელაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.