1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება N122 "საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის შესახებ''.
ნორმატიული აქტი წარმოადგენს სიახლეს საქართველოსთვის, მგზავრთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და პასუხობს შესაბამისი ევროპული რეგულაციებით გათვალისწინებულ ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს.
აღნიშნული წესი განსაზღვრავს ავიგადამზიდველის ვალდებულებებს მგზავრებთან მიმართებაში, კერძოდ: კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესებსა და პირობებს საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძივი დაგვიანების შემთხვევაში.
წესის მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოდან სხვა ქვეყანაში საქართველოს ან უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის მეშვეობით და ასევე მგზავრებზე რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში საქართველოს ავიაგადამზიდველის მეშვეობით. ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების კონტროლს ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.