კურორტ "საირმის" რეაბილიტაცია 2013 წლისთვის დასრულდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიამ უკვე მოინახულა. ქობალია "საირმის განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელობას შეხვდა, გაეცნო კურორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს და მშენებარე ობიექტები დაათვალიერა. მათ შორის, საცხობი თანამედროვე დანადგარებით და გამაჯანსაღებელი ცენტრი თერმული აბაზანებით, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. მინისტრმა საკურორტო პოლიკლინიკა მოინახულა და მედპერსონალს გაესაუბრა. პოლიკლინიკაში უახლესი გერმანული დანადგარებია დამონტაჟებული.
კურორტი საირმე ბაღდათის რაიონის უმსხვილესი დამსაქმებელია. ამჟამად იქ 145 ადამიანი მუშაობს, რომელთა უდიდესი ნაწილიც ადგილობრივი მოსახლეა. ახალი ობიექტების აშენებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მათი რიცხვი გაიზრდება. უახლოეს თვეებში კურორტი საირმე რამდენიმე ათეული ვაკანსიის გამოცხადებას გეგმავს და ისინიც, ძირითადად, ადგილობრივი კადრებით შეივსება.
მინისტრის განცხადებით, საირმეში მშენებარე ობიექტების დასრულების შემდეგ კურორტზე დამსვენებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
"ტურისტების შემოსვლის გამო ჩვენ გვჭირდება მეტი კვების პროდუქტი, მეტი ტრანსპორტის საშუალება, მეტი გასაჩერებელი ადგილი, სასტუმროები, დასასვენებელი ადგილები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საირმეში ინფრასტრუქტურის განვითარება. საირმეში გვაქვს საშუალება, მივიღოთ უფრო მეტი ტურისტი, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი", - განაცხადა ქობალიამ.
კურორტ საირმის რეაბილიტაცია 2011 წელს დაიწყო. ამ ეტაპისთვის უკვე განხორციელდა 9 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია. დღესდღეობით კურორტზე სხვადასხვა კატეგორიის სამი დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ფუნქციონირებს. მათ ერთდროულად 1000-მდე დამთვალიერებლის მიღება შეუძლიათ.
კურორტი საირმე პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოს მცხოვრებთა, არამედ უცხოელ ტურისტებს შორის. ყოველწლიურად იზრდება იმ დამსვენებელთა რაოდენობა, რომლებიც საირმეში ჩამოდიან აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ისრაელიდან.