ათუმის ბიუჯეტიდან კიდევ ერთი საათისთვის 471 ათას 671 ლარი გამოიყო. "ბათუმელების" ინფორმაციით, ძვირადღირებული საათი ზურაბ გორგილაძის #2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კოშკურაში უნდა განთავსდეს. როგორც მერიის ფინანსური სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ამბობს, საათის შეძენა ევროპაში იგეგმება, "კერძოდ, რომელ ქვეყანაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის".
"ბათუმელები" წერს, რომ ეს ბათუმში ბოლო ორი წლის განმავლოობაში შეძენილი მეოთხე ძვირადღირებული საათია. საათების შეძენის აუცილებლობას ბათუმის მერიაში ასე ხსნიან: "მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით". თუმცა ყველაზე ძვირადღირებული საათი, რომელიც ყოფილი ეროვნული ბანკის კოშკურაზეა დამონტაჟებული, ასტროლოგიურია და ამ საათით დროის განსაზღვრა ტურისტებს და ბათუმელებს, განსაკუთრებული ცოდნის გარეშე გაუჭირდებათ. ამ საათის ღირებულება 1 მილიონ 700 ათასი ლარია. მერიაში ამბობენ, რომ საათი გერმანიაშია დამზადებული, მიხეილ სააკაშვილს კი საათის დამზადებასთან დაკავშირებით სხვა ვერსია აქვს. გასულ წელს მან უკრაინელ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ის იტალიის ქალაქ მანტუაში არსებული საათის ანალოგია: "ეს არის კოპიო, ქართველმა სპეციალისტებმა მე-14 საუკუნის ესკიზის მიხედვით გააკეთეს", - განაცხადა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა.
"კიდევ ერთი ძვირადღირებული საათი "პიაცას" კოშკურაზეა დამონტაჟებული. ამ საათში მერიამ 322 ათას 286 ლარი გადაიხადა. ძვირადღირებული საათების შეძენის პარალელურად, ევროპის მოედანზე, ასტროლოგიური საათიდან დაახლოებით 50 მეტრი მოშორებით, მერიის ბიუჯეტიდან 20 000 დოლარად (ეკვივალენტი ლარებში) შესყიდულ საათზე დრო გაჩერებულია. საათი რამდენიმე თვეა არ მუშაობს.საერთო ჯამში, ბოლო წლების განმავლობაში ქალაქის მერიამ საათების შესაძენად 2 მილიონ 500 ათასზე მეტი ლარი დახარჯა", - იუწყება "ბათუმელები".