კახეთში, სამცხე ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ევროკავშირი 118,000 ევროზე მეტ დახმარებას გამოყოფს. როგორც ცნობილია, 19 ივლისს, სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთი რაიონი ძლიერმა ქარიშხალმა, წვიმამ და სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა. 20 000-ზე მეტი ოჯახმა დიდი დანაკარი განიცადა; მათ სახლ-კარი და მოსავალი გაუნადგურდათ. დაინგრა გზები, მწყობრიდან გამოვიდა კომუნიკაციები და წყლის სისტემა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაკვეთები, დაიღუპა საქონელი და განადგურდა მოსავალი.
"ევროკომისია ყველაზე მეტად დაზარალებულებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის 118,590 ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს. ეს დახმარება გაიცემა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მეშვეობით, რომელიც, თავის მხრივ, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციების კომიტეტის ბუნებრივი კატასტროფების დახმარების საგანგებო ფონდის (DREF) დაფინანსებით მოქმედებს. ამ დაფინანსების საშუალებით დაზარალებულებს დაურიგდებათ ლეიბები, საბნები, საკვების დასამზადებელი და ჰიგიენის საშუალებები და ცელოფანის/ბრეზენტის საფარი", - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
როგორც ცნობილია, ევროკომისიასა და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციების კომიტეტს (IFRC) შორის ხელმოწერილია 3 ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების დახმარების საგანგებო ფონდში (DREF) თანხის ჩარიცხვას ითვალისწინებს. ეს ფონდი, ძირითადად, ემსახურება მცირემასშტაბიანი კატასროფების შედეგების დაძლევას და არ საჭიროებს ოფიციალური საერთაშორისო განაცხადების შემოტანას.
ბუნებრივი კატასტროფების დახმარების საგანგებო ფონდი (DREF) 1985 წელს შეიქმნა და დონორთა შემოწირულობების ხარჯზე ფუნქციონირებს. ყოველ ჯერზე, როდესაც წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციას ბუნებრივი კატასტროფის შედეგების აღმოფხრისთვის საგანგებო ფინანსური დახმარება ესაჭიროება, მას თანხების ამ ფონდიდან მოთხოვნა შეუძლია.
მცირემასშტაბიანი კატასტროფების შემთხვევაში, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია თანხებს გასცემს სწორედ ამ ფონდიდან, რომელშიც თანხების შევსება ისევ დონორთა მიერ განხორციელებული ჩარიცხვებით ხორციელდება. საერთაშორისო ფედერაციას და ევროკომისიას შორის ხელმოწერილი შეთანხმება საშუალებას აძლევს ევროკომისიას 3 მილიონ ევრომდე შეავსოს ფონდი იმ შეთანხმებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, რომელიც ჰუმანიტარულ საჭიროებებს ხმარდება.