პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს დედაქალაქის ძველი გალავნის კიდევ ორი გოდოლი იპოვეს. სპეციალისტების ინფორმაციით, გალავნის ფრაგმენტები XII-დან XVIII საუკუნეების ჩათვლით თარიღდება.
არქეოლოგების თქმით, გალავნის არსებობის შესახებ აქამდეც იცოდნენ. მასზე საუბარია თბილისის შესახებ არსებულ ისტორიულ წყაროებში.
სპეციალისტების განცხადებით, გალავნის სრული მონახაზი კარგად ჩანს ასევე ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შექმნილ პირველ ატლასშიც.
როგორც თბილისის განვითარების ფონდში აცხადებენ, იგეგმება ამ ტერიტორიის კონსერვაცია. გალავნის ფრაგმენტების ნახვა ტურისტებს და ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
მიმდინარე სამუშაოების გამო პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ორი კვირის განმავლობაში შეზღუდული იქნება.