საქართველოში დღეიდან 12 აგვისტოს ჩათვლით, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი გმირების პატივსაცემად ხსოვნის კვირეული გაიმართება.
კვირეულის ფარგლებში გაზეთ "პრაიმტაიმისა" და ფონდ "წითელი ყაყაჩოს" ინიციატივით, და შსს-სა და იუსტიცის არქივის, საჯარო ბიბლიოთეკის, საკრებულოს, "თიბისი ბანკისა" და ლუდსახარში "ზედაზენის" დახმარებით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
"ხსოვნის კვირეულის" ფარგლებში, სოფიო ტორჩინავას ფილმის "ნელი მოქმედების ნაღმების" ჩვენებაც გაიმართება.
ფილმში ქრონოლოგიურადაა ნაჩვენები საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ანექსიისა და შემდგომ 90-იან წლებისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენები.
"ხსოვნის კვირეულში" "ყაყაჩოების აქციასთან" ერთად ორი მასშტაბური გამოფენა გაიმართება, კერძოდ, 6-დან 11 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას - "საქართველოს მოპარული ისტორია".
დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დროებით საგამოფენო ცენტრში, გამოფენა - "საქართველოს მოპარული ისტორია" გაიხსნება. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, შსს-ს საარქივო სამმართველოსა და იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდები.
აღნიშნული გამოფენა გაყოფილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური მასალები, რომლებიც ასახავს საქართველოს რეალობას 1921 წლამდე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1921 წლამდე საქართველოში გამომავალი სამი უცხოენოვანი გაზეთის ორიგინალები, კერძოდ, ერთი ფრანგული და ორი ინგლისურენოვანი გაზეთი, მათ შორის ერთ-ერთი "მესინჯერია". 1911 წლის ოქტომბერში საქართველოს შესახებ გამოიცა ფრანგული ჟურნალი "ლიმაჟი", სადაც თავიდან ბოლომდეა აღწერილი საქართველოს კულტურა, არქიტექტურა, ბუნება და ისტორია.
ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური მასალა და ფოტოები იმის შესახებ, თუ რამდენად ინტეგრირებული იყო საქართველო ევროპასთან კულტურის, ეკონომიკის, განათლების სფეროში და რა დიპლომატიური კავშირები არსებობდა საქართველო-ევროპას შორის.
გამოფენის მეორე ნაწილი დაეთმობა საქართველოს გასაბჭოების ამსახველ მასალას. მათ შორის მეთერთმეტე არმიის წევრთა მოგონებები საქართველოს გასაბჭოებაზე და მათი სიგელები; სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც გასაბჭოების შემდეგ ადამიანთა პიროვნულ ტრაგედიაზე მოუთხრობს დამთვალიერებელს.
გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საარქივო კინოკადრები, რომელიც საქართველოს გასაბჭოებამდეა გადაღებული, კერძოდ 1910 წელი - ბანკის კურთხევა, 1918 წლის 14 დეკემბერი - სახალხო გვარდიის დღე თბილისში, 1920 წელი - პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის შესვლა აჭარაში, 1920 წელი - ევროპის სოციალისტთა მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია თბილისსა და ბათუმში, 1920 წელი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმი, 1920 წელი - ქართული ტანვარჯიშის საზოგადოება "შევარდენის" ვარჯიში.
ასევე, გამოფენაზე მოხვდება "პრაიმტაიმისა" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მიერ ერთობლივად მომზადებული ჟურნალ "საარქივო მოამბის" სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელიც სრულიად საქართველოს გასაბჭოების თემას მიეძღვნება.
ჟურნალში შესულია ნაწყვეტები წითელარმიელების მოგონებებიდან, წერილები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოს ავტონომიური ოლქების ხელოვნურად შექმნის შესახებ. საბჭოთა საგარეო პროპაგანდის ტრადიციები და ქართველი პოლიტპატიმრებისა და მუშების წერილები, რომლებიც 1921 წელს საქართველოდან რუსული არმიის გაყვანასა და ქართული ენისა და სახელმწიფოებრივი საზღვრების დაცვას მოითხოვდნენ.
7 აგვისტოს, 17:00 საათზე, "თიბისი" გალერეაში გაიხსნება გამოფენა "მშვიდობა". გამოფენაში მონაწილეობენ 2008 წლის რუსეთ-საქაველოს ომში დაღუპული გმირების შვილები, რომლებიც თავიანთ ემოციურ განწყობას გაუზიარებენ დამთვალიერებლებს.