საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავღანეთში განლაგებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცედურის უზრუნველსაყოფად კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
ცესკო ავღანეთში, პროპორციული წესით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით, სპეციალური ჯგუფების სამ-სამი წევრის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსს აცხადებს.
საბუთების მიიღება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება.
ინფორმაციის მიხედვით, საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში - ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო უბნები - ჰელმანდის საარჩევნო უბანი - "შუკვანი" და ჰელმანდის საარჩევნო უბანი - "ბ - ასეულის ბაზა" შეიქმნა.
ქაბულის ბაზაზე მყოფი ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ.