"ნასას" კოსმოსური აპარატი "ცნობისმოყვარეობა" (Curiosity) დღეს დილით მარსზე დაჯდა - პირდაპირი ტრანსლაცია NASA-ს ვებ გვერდზე მიმდინარეობდა.
საფრენმა აპარატმა "ცნობისმოყვარეობამ", მარსზე კრატერ გაილაზე დაჯდომა წარმატებით განახორციელა. მან უკვე მოასწრო სურათების გადაღება. თუმცა სურათები გადაღებულია აპარატით, რომელიც თავად ამ საფრენი საშუალების გადაადგილებას ასახავს და მას აკვირდება. ხოლო რაც შეეხება მთავარ აპარატს, რომლითაც დეტალური სურათების გადაღება უნდა მოხდეს, ამ დრომდე არ ამოქმედებულა. ეხლა "ნასას" მთავარი საზრუნავია Curiosity-ზე კომპიუტერული მოწყობილობის ამოქმედება მოახერხონ, რომელიც მარსმავალზე დედამიწიდან გარკვეული ბრძანებების გადაცემას უზრუნველყოფს.
"ცნობისმოყვარეობა" მარსის გამოსაკვლევად შექმნილი ყველაზე დიდი რობოტიზირებული მოწყობილობაა, მისი წონა დაახლოებით 900კგ-ს შეადგენს. აპარატის ერთერთი მთავარი მიზანი პლანეტის ზედაპირის და მისი პატარა სიღრმეების ქიმიური შემადგენლობის ანალიზია.
აპარატის მოწყობილობებიდან აღსანიშნავია ნეიტრონული დეტექტორი, რომელიც პლანეტის ზედაპირის ქვეშ, ყინულს მოძებნის.
"ცნობისმოყვარეობის" მარსზე დაჯდომის წერტილად 160-კილომეტრიანი დიამეტრის კრატერი "გეილი" შეირჩა. მეცნიერების ვარაუდით, კრატერზე მდებარე მრავალკილომეტრიანი ბორცვი იმ პერიოდის ნალექების შედეგი უნდა იყოს, როდესაც მარსზე წყალი ჯერ კიდევ არსებობდა.
აპარატი "წითელ პლანეტაზე" 2011 წლის 26 ნოემბერს გაფრინდა და მარსამდე მისაღწევად მან 560 მლნ კილომეტრი დაფარა.